- ჩვენი ორგანიზაცია ღიაა ყველასთვის, ვინც იზიარებს ვალდორფის პედაგოგიკის, ზოგადად, ჯანსაღი აღზრდის პრინციპებსა და  მიზნებს, მზადაა საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ მიზნების განხორციელებაში.  ჩვენი საბავშვო ბაღის დაფუძნებაში მონაწილეობდნენ მშობლები, აღმზრდელები და ვალდორფის პედაგოგიკით დაინტერესებული ადამიანები. არსებითად, ეს ადამიანები წარმოადგენენ ჩვენი საბავშვო ბაღის მზრუნველ ჯგუფს.

ისინი არა მარტო ფინანსურ პასუხისმგებლობას ატარებენ, არამედ გვაწვდიან საინტერესო იდეებს, ზრუნავენ ჯანსაღი სოციალური გარემოს შექმნაზე და ა.შ.

მშობლები აქტიურად არიან ჩართულნი ჩვენი ორგანიზაციის მართვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

ჩვენი ორგანიზაციის უმაღლეს მმართველ ორგანოს წარმოადგენს საერთო კრება, რომელიც ირჩევს გამგეობას. გამგეობა ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე. გამგეობის 7 წევრიდან 5 მშობელია. გამგეობა, თავის მხრივ, ირჩევს აღმასრულებელ დირექტორს. იგი მმართველ ჯგუფთან ერთად, რომელშიც შედიან აღმზრდელები, უძღვება საბავშვო ბაღის ყოველდღიურ საქმიანობას. აღმასრულებელი დირექტორი ანგარიშვალდებულია გამგეობის წინაშე.

უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენი საბავშვო ბაღი მზარდი ორგანიზაციაა.  გაწევრიანების პროცესი პერმანენტულად მიმდინარეობს. 

 თვითმმართველობა,  ჩართულობა, ღიაობა არის მნიშვნელოვანი იმ უფაქიზესი გარემოს შექმნისთვის, რაც აუცილებელია ბავშვის აღზრდისთვის.