ვალდორფის საბავშვო ბაღი, როგორც სკოლამდელი აღზრდის სისტემა, წარმოადგენს ვალდორფის პედაგოგიკის შემადგენელ ნაწილს, რომელიც ავსტრიელი ფილოსოფოსისა და პედაგოგის რუდოლფ შტაინერის ზოგად ადამიანთმცოდნეობას ეფუძნება. პირველი ვალდორფის სკოლა გაიხსნა გერმანიაში, ქ. შტუტგარტში 1919 წელს. ამ სკოლის დაარსების ინიციატორი გახლდათ სიგარეტის ფაბრიკა „ვალდორფ-ასტორიას“ დირექტორი ემილ მოლტი. ქარხნის საფირმო სახელიდან „ვალდორფ-ასტორია” შეირჩა პედაგოგიკის სახელიც. ვალდორფის პედაგოგიკის მონაპოვარი უკვე 90 წელს ითვლის. დღეისთვის მსოფლიოს 60 ქვეყანაში 1000-მდე ვალდორფის სკოლა და 2000-მდე ვალდორფის საბავშვო  ბაღი არსებობს. მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

ვალდორფის პედაგოგიკის მიხედვით, ადამიანის ცხოვრებაში, სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პირველ შვიდწლეულს, ანუ სკოლამდელ ასაკს. ეს არის ძირითადად ფიზიკური სხეულის ჩამოყალიბების პერიოდი და ბავშვი შინაგანი ძალებით მთლიანად ემსახურება ამ ამოცანას. რაც განვითარების ამ პერიოდში აისახება, იქნება ეს პოზიტიური თუ ნეგატიური, ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე მიყვება. სწორედ ამ პერიოდში ხდება ისეთი უმნიშვნელოვანესი ადამიანური უნარების მოპოვება, როგორიც არის გამართული სიარული, მეტყველება და აზროვნება. ამავე დროს ყალიბდება საკუთარი თავის განცდა გარე სამყაროსთან მიმართებაში, საფუძველი ეყრება ადამიანის სოციალურობას. ამ ასაკში მიღებული ჩვევები, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე მიყვება. ეს არის ასაკი, როდესაც ინტელექტის ძალები გარკვეულ ბუნებრივ განვითარებას განიცდის, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ბავშვი ზედმეტად არ გადაიტვირთოს ინტელექტუალურად, რადგან ეს მის ფიზიკურ განვითარებაზე უარყოფითად აისახება.